განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ასეა დასახული ქრისტიანთა ცხოვრება: ჭირითა და მწუხარებით. ვისაც სურს, თავისი ცხოვრებით ღვთის მიმდევარი იყოს, მრავალ სატანჯველს გაივლის.
იტვირთეთ, შვილებო, ჯვარი; ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცვით და მალე ბრწყინვალე აღდგომა მოვა. ახლა რამდენადაც გიჭირთ, მით მეტად იგრძნობთ თავისუფლების სიხარულს.
ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ.
ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე.
ქრისტეს იმედი გქონდეს და ეშმაკების მუქარის ნუ შეგეშინდება, არამედ უფლის მახლობლად მკვიდრობდე და თქვი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხედ ზღუდეთა“ (2 მეფ. 22, 30), ესე იგი, ეშმაკთა დაბრკოლებებს ჩემი ღვთის ძალით ვძლევ.
სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს.
როგორც არ უნდა გაშმაგდეს ვნებების ზღვა და მის ტალღებს ჩვენი ჩაძირვის ძალა ჰქონდეს, ჩვენ უფალზე დავამყაროთ იმედი და მაშინ ტალღები საპნის ბუშტებივით შეენარცხება იესოს მიმართ სასოებისა და სიყვარულის კლდეს.
ღმერთმა რომ დაგვტოვოს, ბოროტი ყველას ერთად ჯოჯოხეთში ჩაგვყრიდა; მაგრამ სახიერი ღმერთი მას ხელს უშლის და იმდენის უფლებას აძლევს, რამდენის ტვირთვაც შეუძლია თითოეულ სულს.