წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
უნდა შეიძულო ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა, როგორც დედა ბიწიერებისა და დედინაცვალი სათნოებისა.
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
მათ გამო გვებრძანა, ვიყოთ სოფელში და არ შევიყვაროთ სოფელი; მაგრამ არა იმიტომ, რომ განუსჯელად მოვიძულოთ ღვთის ქმნილებანი, არამედ რათა ამ სამი ვნების მიზეზი მოვიკვეთოთ.
თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, არც ბოროტების გაკეთება ისურვო, რამეთუ ამას ისიც უცილობლად მოჰყვება. „რამეთუ რაიცა–იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“ (გალ. 6.7).
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
საღმრთო წერილის სიტყვები საქმეებით იკითხე და ნუ მრავალსიტყვაობ მხოლოდ მარტივი გაგებით გაამაყებული.
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ჩვენთვის კი არა, არამედ ჩვენთვის მომკვდარისა და აღდგომილისთვის ვცოცხლობთ, მაშინ ცხადია, რომ მას სიკვდილამდე უნდა ვემსახუროთ. მაშ, როგორ შეგვიძლია, ძეობა კუთვნილად მივიჩნიოთ?!
საღმრთო წერილი ამბობს: „არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ“ (ებრ. 11,1) და მათ, ვისაც ქრისტეს შემოსვა არ შეუცნიათ, გამოუცდელებს უწოდებს.